ძილის აპნოე არის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როდესაც სასუნთქი გზები ვიწროვდება/იხურება ძილის დროს და იწვევს სუნთქვის შეწყვეტის მცირე ეპიზოდებს. ეს განმეორებითი შეფერხებები აქვეითებს ძილის ხარისხს, რაც იწვევს დაღლილობას გაღვიძებისთანავე. ობსტრუქციული ძილის აპნოეს მქონე ბევრმა ადამიანმა არც იცის, რომ ეს პრობლემა აქვს.
ზოგ ადამიანს აქვს ნაკლებად გავრცელებული მდგომარეობა, რომელსაც ცენტრალური ძილის აპნოე ეწოდება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ტვინი არარეგულარულად აგზავნის საჭირო სიგნალებს ძილის დროს სუნთქვისთვის, რაც იწვევს ძილის ობსტრუქციული აპნოეს მსგავს ნიშნებსა და სიმპტომებს. ძილის აპნოეს ორივე ტიპს აქვს მსგავსი სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მართვის საჭიროება.
მნიშვნელოვანი ფაქტები
- ძილის აპნოე მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული მდგომარეობაა
- 15%-დან 35%-მდე ქართველ ზრდასრულ ადამიანებს აქვს ძილის აპნოე. რისკი ასაკის და წონის მატებასთან ერთად იზრდება
- ძილის აპნოეს მქონე ადამიანები ხშირად დღისით ძილიანობას, ადვილად გაღიზიანებას, მეხსიერებისა და კონცენტრაციის დაქვეითებას უჩივიან
- ძილის აპნოე ასოცირებულია მაღალ სისხლის წნევასთან, ინსულტთან, კორონარულ დაავადებასთან, შეგუბებით გულის უკმარისობასთან, გულის რითმის დარღვევებთან სისხლში შაქრის დონის კონტროლის სირთულესთან
- ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი ძილის აპნოეს მქონე ადამიანებში ორმაგია. მკურნალობის შემთხვევაში, ეს რისკები ნაკლებია.
როგორ გავლენას ახდენს ძილის აპნოე თქვენს ორგანიზმზე?
ძილის აპნოე ჩნდება მაშინ, როდესაც ხახის უკანა კუნთები და რბილი ქსოვილები ძალიან დუნდებიან ძილის დროს. ეს საშუალებას აძლევს რბილ ქსოვილებს და ენას დაბლოკოს თქვენი სასუნთქი გზები და სუნთქვა. როდესაც სისხლში ჟანგბადის დონე იკლებს, ტვინი გაძლევთ სიგნალს, რომ გაიღვიძოთ და ისევ დაიწყოთ სუნთქვა. ეს ციკლი მთელი ღამის განმავლობაში მეორდება ისე, რომ ხშირად ვერც აცნობიერებთ მის არსებობას.
ძილის აპნოემ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, მათ შორის, გამოიწვიოს: დღისით ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება და გაღიზიანებადობა. ძილის აპნოეს მქონე ადამიანები ხშირად ისე გრძნობენ თავს, თითქოს საერთოდ არ ეძინათ, მაშინაც კი, თუ სძინავთ რეკომენდებული შვიდიდან ცხრა საათის განმავლობაში ყოველ ღამე. ეს იმიტომ ხდება, რომ ხშირი გაღვიძება ხელს უშლის მაღალი ხარისხის ძილს. ძილის აპნოეთი გამოწვეულმა ძილის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს კონცენტრაციის, მეხსიერების, განწყობისა და გონებრივი სიცხადის დაქვეითება. ძილის აპნოეს მქონე ბავშვებმა, უძილობის ნაცვლად, შეიძლება ჰიპერაქტიურობის სიმპტომები გამოავლინონ.
არადიაგნოსტირებულმა ან არანამკურნალევმა ძილის აპნოემ პოტენციურად შეიძლება სერიოზულ შედეგებამდე მიგვიყვანოს. გარდა იმისა, რომ ძილს ართულებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს მაღალი წნევა, გულის დაავადება, ინსულტი, დიაბეტი და ნაადრევი სიკვდილიც კი.
ვინ არის რისკის ქვეშ?
ყველაფერი, რაც ავიწროებს სასუნთქ გზებს, ზრდის ძილის აპნოეს რისკს. თქვენ შეიძლება მემკვიდრეობით მიიღოთ ბუნებრივად პატარა ყელი, გადიდებული ადენოიდები ან ტონზილები. ყველაზე გავრცელებული რისკ-ფაქტორია სიმსუქნე, რადგან ცხიმოვანი ქსოვილი თქვენს სასუნთქ გზაში ამცირებს ჰაერის გასავლელ სივრცეს. ეს აადვილებს თქვენი სასუნთქი გზების დახშობას ძილის დროს. თუმცა, ძილის აპნოე შესაძლოა ჰქონდეთ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც არ აქვთ ჭარბი წონა.
ზრდასრულთა ძილის აპნოე უფრო ხშირი ხდება ასაკის მატებასთან ერთად, დაწყებული მოზარდობის ასაკიდან 60-70 წლამდე. ასევე დადგინდა, რომ ძილის აპნოე მამაკაცებში ორ-სამჯერ უფრო ხშირია, ვიდრე პრემენოპაუზურ ქალებში. პოსტმენოპაუზურ ქალებს აქვთ ძილის ობსტრუქციული აპნოეს ისეთივე რისკი, როგორიც მამაკაცებს.
ძილის აპნოეს ნიშნები და სიმპტომები
ძილის აპნოეს ნიშნები და სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს. ყველაზე გავრცელებულებია:
- ხვრინვა: ხვრინვა ძილის აპნოეს ხშირი ნიშანია, მაგრამ ყველას, ვინც ხვრინავს, არ აქვს ძილის ანპოე. ხვრინვა შეიძლება იმდენად ხმამაღალი იყოს ღამით, რომ სხვებსაც დაურღვიოს ძილი
- დღისით ძილიანობა: თუკი ღამით საკმარისად არ გძინავთ, შეიძლება დღისით მუშაობის პროცესში, ან მანქანის მართვისას ჩაგეძინოთ.
- წყვეტილი სუნთქვა: ძილის აპნოეს მქონე პირები ღამით მოულოდნელად წამოხტომის მაგვარი მოძრაობებით იღვიძებენ, სუნთქვის შეჩერების შემდეგ. თუკი ღამით მარტოს არ გძინავთ, ეს ხმები და მოძრაობები შეიძლება მეორე ადამიანმაც შენიშნოს
- მეხსიერების და კონცენტრაციის პრობლემები
- ღამით მოსაშარდად ხშირად ადგომა
- უჩვეულო უხასიათობა და გაღიზიანებადობა
- დილით თავის ტკივილი
- მშრალი პირი.
როგორ ხდება ძილის აპნოეს დიაგნოსტირება?
თუ თქვენმა ირგვლივ მყოფებმა ეჭვი მიიტანეს, რომ ძილის აპნოე გაქვთ, თქვენი ექიმი გამოიკვლევს თქვენი ძილისა და ცხოვრების წესს. გკითხავთ, რამდენ ხანს გძინავთ და რამდენ დროს ანდომებთ ჩაძინებას. ძილში თუ დადიხართ ან თუ ლაპარაკობთ. განიხილავს თქვენი მედიკამენტების გავლენას ძილზე. გკითხავთ ოჯახურ ანამნეზს, რადგან ძილის აპნოე ხშირად მემკვიდრეობით გადაეცემა. გასინჯვისას დააკვირდება, რამე ხომ არ იწვევს თქვენი სასუნთქი გზების შევიწროებას, მაგალითად გადიდებული ტონზილები ან უკან წაწეული ყბა.
თუ თქვენი ექიმი ეჭვობს, რომ ძილის აპნოე შეიძლება გქონდეთ, დამოიკვლევს თქვენს ძილს ან სახლში, ან ძილის ცენტრში. ძილის კვლევა იწერს თქვენს სუნთქვას, გულისცემას და ჟანგბადის მონაცემებს ღამის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, სახლში ტარდება, თუ სპეციალურ ლაბორატორიაში, ეს კვლევა არა ინვაზიურია, იგი ტარდება თქვენს თავზე და სხეულზე დამაგრებული სენსორებით, რომლებიც კომპიუტერზეა შეერთებული. შედეგები, რომლებიც მიიღება გულის, ფილტვის, ტვინის აქტივობის, სუნთქვის მონაცემების, კიდურების მოძრაობის და ჟანგბადის დონის შეფასებით, ექიმს ძილის აპნოეს დიაგნოზის დასმაში დაეხმარება. ძილის ცენტრში დასრულებული ძილის კვლევა თქვენს ექიმს მიაწვდის მეტ ინფორმაციას, ვიდრე შეიძლება შეგროვდეს სახლში პორტატული ძილის აპნოეს ტესტის გამოყენებისას.
ძილის აპნოეს მკურნალობა და მენეჯმენტი
როგორ ხდება ძილის აპნოეს მკურნალობა
ძილის აპნოეს მკურნალობის რამდენიმე გზა არსებობს. არ აქვს მნიშვნელობა რა მკურნალობას აირჩევთ, ექიმმა შეიძლება მოისურვოს ძილის შემდგომი გამოკვლევა, რათა დარწმუნდეს, რომ თქვენი ძილის აპნოე კონტროლს ექვემდებარება.
უწყვეტი დადებითი სასუნთქი გზების წნევა (CPAP): სიპაპ (CPAP) აწვდის ჰაერის წნევას ძილის დროს ღია სასუნთქი გზების შესანარჩუნებლად. თქვენ ატარებთ ნიღბს, რომელიც ერგება ნესტოებს, ცხვირს და/ან პირს. იმის გამო, რომ სიპაპ (CPAP) ძალიან კარგად მუშაობს, ის ხშირად პირველი მკურნალობაა, რომელსაც თქვენი ჯანდაცვის პროვაიდერი გირჩევთ სცადოთ. საუკეთესო შედეგის მისაღებად, ის ყოველ საღამოს უნდა გამოიყენოთ.
პირის ღრუს აპარატურა: პირის ღრუს აპარატები არის სტომატოლოგიური მოწყობილობები, რომლებიც ხსნის თქვენს ყელს ძილის დროს ყბის წინ წამოწევით. ეს მოწყობილობები ყველაზე ეფექტურია მსუბუქი და ზომიერი ძილის აპნოეს სამკურნალოდ
ქირურგია: თუ მკურნალობის სხვა მეთოდები თქვენთვის არაეფექტურია, შემოგთავაზებენ ქირურგიულ მკურნალობა. ძილის აპნოეს ოპერაცია ამცირებს ქსოვილის მოცილებას ხახის უკანა ზედაპირზე, ენას წინ წამოსწებს და ამაგრებს ნერვის სტიმულატორს, რათა გაიხსნას თქვენი სასუნთქი გზები და სუნთქვა გაგიადვილდეთ. შესაძლოა ასევე დაგჭირდეთ ტონზილექტომია, ან ადენოიდების მოშორება, თუ ისინი სასუნთქ გზებს ახშობენ.
ცხოვრების წესის ცვლილებები: ექიმი ხშირად გირჩევთ ცხოვრების წესის ცვლილებას, მკურნალობის პარალელურად.
- წონის დაკლება: თქვენი სხეულის წონის მხოლოდ 10%-ის დაკლებამ შეიძლება გააუმჯობესოს თქვენი ძილის აპნოე. ზოგჯერ წონის დაკლებამ შეიძლება განკურნოს ძილის აპნოე.
- მოერიდეთ ალკოჰოლს და სედატიურ საშუალებებს: ექიმმა შეიძლება გირჩიოთ, რომ შეწყვიტოთ ალკოჰოლის დალევა დაძინებამდე მინიმუმ ოთხი საათით ადრე და მოერიდოთ დამამშვიდებელ მედიკამენტებს, როგორიცაა საძილე აბები.
- შეწყვიტეთ მოწევა: ამან შეიძლება გააუმჯობესოს თქვენი ძილის აპნოე, რადგან სიგარეტის კვამლმა შეიძლება გამოიწვიოს ანთება, რომელიც ავიწროებს სასუნთქ გზებს.
- არ დაიძინოთ ზურგზე: ზურგზე ძილმა შესაძლოა თქვენი ძილის აპნოე გააუარესოს. გამოიყენეთ ბალიში, რათა გვერდზე დაიძნოთ.
ძილის აპნოეს მართვა
თუ გაქვთ ძილის აპნოე, თქვენ და თქვენმა ექიმმა ერთად უნდა იმუშაოთ, ცხოვრების წესში ცვლილებების შესატანად, რომლებიც თქვენი მდგომარეობის უკეთ სამართავადაა საჭირო. მკურნალობის დაწყების შემდეგ, დღის განმავლობაში თავს უფრო ფხიზლად და ნაკლებად ძილიანად იგრძნობთ. თქვენმა პარტნიორმა უნდა შეამჩნიოს ხვრინვის შემცირება ღამის განმავლობაში.
CPAP-ის ან პირის ღრუს სპეციალური მოწყობილობის გამოყენება ყოველ ღამით, როცა გძინავთ, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მათთან შესაგუებლად შესაძლოა გარკვეული დრო დაგჭირდეთ. თუკი CPAP-თან შეჩვევა გიჭირთ, ან მკურნალობის შემდეგ ისევ გაქვთ სიმპტომები, თქვენს ექიმს დაუკავშირდით. მრავალი ტიპის ნიღაბი არსებობს და ის თქვენთვის ყველაზე შესაფერისს შეგირჩევთ.
თუკი ძილის აპნოეს სამკურნალოდ CPAP-ს იყენებთ, მოწყობილობა რეგულარულად უნდა გაწმინდოთ. ბევრი სიპაპ (CPAP) აპარატი ინახავს ინფორმაციას მათი მუშაობის შესახებ. თქვენს ექიმს რეგულარულად ეწვიეთ ვიზიტზე, რომ ეს ინფორმაცია გაუზიაროთ და შეამოწმოთ, რამდენად კარგად მუშაობს დანადგარი. თუკი პირის ღრუს აპარატს იყენებთ, ის რეგულარულად უნდა წმინდოთ და სტომატოლოგიც საქმის კურსში გყავდეთ, რათა კბილების გადაადგილება აიცილოთ თავიდან.
ქირურგიული ჩარევის ეფექტურობის შესაფასებლად შესაძლოა შემდგომი კვლევა გახდეს საჭირო. ასევე კვლევის განმეორებით ჩატარება შეიძლება დაგჭირდეთ წონის ცვლილების შემთქვევაში. ძილის აპნოე შეიძლება დაბრუნდეს ნაწიბუროვანი ქსოვილის განვითარების გამო, ან კუნთების მოდუნების გამო, ამიტომ დინამიკაში მეთვალყურეობა აუცილებელია.
წაიკითხეთ მეტი:
ძილის აპნოეს ჟანგბადით მკურნალობა ბინაზე
თუ ჯანდაცვის პროვაიდერი ეჭვობს, რომ თქვენ გაქვთ ძილის აპნოე, ის სავარაუდოდ გაგიშვებთ ძილის ტესტისთვის ძილის ლაბორატორიაში დიაგნოზის დასადასტურებლად, თუმცა ზოგჯერ შესაძოა კვლევა საკუთარ სახლში ჩაგიტარდეთ. იმის გამო, რომ ობსტრუქციულმა ძილის აპნოემ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ჟანგბადის დონის დაქვეითება ძილის დროს (მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება ჰიპოქსემია ან ჰიპოქსია), შეიძლება დაგენიშნოთ ძილის დროს დამატებითი ჟანგბადის გამოყენება. ოქსიგენოთერაპია ხშირად გამოიყენება იმ პაციენტებისთვის, რომლებიც არ არიან სომნოლენტურები (ძილიანი) ან ვერ მოიხმარენ CPAP-ს.
ჟანგბადის დონის საკონტროლებლად ხშირად ღამის პულსოქსიმეტრია გამოიყენება, თითის სენსორის მეშვეობით. ჰიპოქსემიის დიაგნოსტირება ხდება როდესაც ჟანგბადის დონე 92%-ს ჩამოსცდება 5 წუთზე მეტი ხნის მანძილზე.
ჟანგბადით მკურნალობა არ აუმჯობესებს ობსტრუქციული ძილის აპნოეს სხვა სიმპტომებს, როგორიცაა ფრაგმენტული ძილი და ნახშირორჟანგის დონის მატება, ვინაიდან ობსტრუქციული ძილის აპნოე ხშირად გამოწვეულია ზედა სასუნთქი გზების ქსოვილების კოლაფსით. თუ ყელი ნაწილობრივ ან მთლიანად დახურულია, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ჟანგბადი მიეწოდება ცხვირის კანულას, ის მაინც ვერ აღწევს ფილტვებამდე.
სიპაპ (CPAP) და ჟანგბადის კონცენტრატორი
ვინაიდან ობსტრუქციული ძილის აპნოე მაღალ წნევასთანაა ასოცირებული, მკვლევარები ჩაეძიენ დამატებითი ჟანგბადის როლს CPAP-თან ერთად.
2019 წელს გამოქვეყნებული კვლევა ცდილობდა დაედგინა წყვეტილი ჰიპოქსიის (ქსოვილებში დაბალი ჟანგბადის მდგომარეობა) როლი დილის მაღალი წნევის (ჰიპერტენზია) განვითარებაში, რაც ხშირია ობსტრუქციული ძილის აპნოეს მქონე ადამიანებში. მათ აღმოაჩინეს, რომ დამატებითმა ჟანგბადმა პრაქტიკულად აღმოფხვრა დილის არტერიული წნევის ტიპიური მატება, მაგრამ არ ეხებოდა ობსტრუქციული ძილის აპნოეს სხვა სიმპტომებს, როგორიცაა დილის გულისცემა ან დღის ძილიანობა.
მათ დაასკვნეს, რომ ობსტრუქციული ძილის აპნოესთან დაკავშირებული ჰიპერტენზია ჰიპოქსიის შედეგია და არა ძილის შეწყვეტის შედეგი.
ჟანგბადის კონცენტრატორი ძილის აპნოეს და ფქოდ-ის დროს
ზოგ შემთხვევაში, ჟანგბადის გამოყენება ძილის აპნოეს დროს შესაძლოა სახიფათოც იყოს. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების და ემფიზემის მქონე ადამიანებში, ნაჩვენებია, რომ ჟანგბადი სასარგებლოა. თუმცა, როდესაც ფქოდ ძილის ობსტრუქციული აპნოესთან ერთადაა, სურათი განსხვავებულია.
ე.წ. „გადაფარვის სინდრომის“ დროს, ღამის ჟანგბადის გამოყენებამ CPAP ან BIPAP თერაპიის გარეშე შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ღამის სუნთქვის გაუარესება.
თქვენი ნახშირორჟანგის დონე შესაძლოა გაიზარდოს, რაც დილით თავის ტკივილს იწვევს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რომ უმკურნალოთ ძილის აპნოეს, რათა უსაფრთხო იყოს ჟანგბადის გამოყენება ფქოდ-ისთვის.
ფქოდ-ით დაავადებულებში გადაფარვის სინდრომის დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძილის ტესტის ჩატარება, როდესაც ეჭვია ძილის აპნოეს არსებობაზე.
წაიკითხეთ მეტი: