სატურაცია აჩვენებს, რამდენად არის სისხლში არსებული ჰემოგლობინი ჟანგბადით გაჯერებული. თუ სისხლში ჟანგბადის დონე ქვეითდება, შესაძლოა შეიქმნას ფილტვის, გულის ან სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, რადგან ორგანოებსა და ქსოვილებში ჟანგბადის გარკვეული დონის შენარჩუნების გარეშე ორგანიზმი გამართულად ვერ იმუშავებს.
სატურაციის დავარდნის დროს მის საჭირო დონეზე ასაყვანად ზოგჯერ სპეციალურ ჟანგბადის აპარატს იყენებენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ კონცენტრატორი მხოლოდ მკურნალობის დამხმარე ელემენტია, რომელიც კონკრეტულ პრობლემას წყვეტს. დაბალი სატურაციის გამომწვევ დაავადებას ის არ კურნავს.
რა არის ჟანგბადის სატურაცია და რა როლს თამაშობს ორგანიზმის გამართულ ფუნქციონირებაში?
სატურაცია, ანუ SpO2, სისხლში ჟანგბადით გაჯერებული ჰემოგლობინის პროცენტულ მაჩვენებელს ასახავს. ზრდასრული, სხვა მხრივ ჯანმრთელი ადამიანების უმეტესობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 95%–100%-ის ფარგლებშია.
თუ სატურაცია სტანდარტულ მოსალოდნელ დიაპაზონზე დაბალია, ექიმმა ის აუცილებლად უნდა გადააკონტროლოს. სატურაციის დავარდნის ცალკეული შემთხვევები სხვა მხრივ ჯანმრთელ ადამიანებშიც ფიქსირდება, ძირითადად გარემო ფაქტორების გამო. მაგრამ თუ დაბალმა სატურაციამ ქრონიკული სახე მიიღო, დიდი ალბათობით მისი გამომწვევი სხვა, უფრო სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემაა. ასეთ დროს ექიმმა იგი ფართო კონტექსტში: სხვა სახასიათო სიმპტომებთან, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობასა და შესაძლო გამომწვევ მიზეზებთან ერთად უნდა განიხილოს.
ჟანგბადის დეფიციტს ორგანიზმის ქსოვილებსა და ორგანოებში ჰიპოქსია ეწოდება, ხოლო არტერიულ სისხლში ჟანგბადის დაქვეითებას – ჰიპოქსემია. ორივე შესაძლოა განვითარდეს მოულოდნელად, როგორც მწვავე დაავადების თანმდევი სიმპტომი, ან ჰქონდეს განგრძობითი სახე, ქრონიკული რესპირატორული ან გულსისხლძარღვთა პრობლემის ფონზე.
რა ითვლება დაბალ სატურაციად?
ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანის შემთხვევაში ზღვის დონეზე სატურაცია 95%-ზე დაბალი არ უნდა ჩამოვიდეს, ხოლო იდეალურ შემთხვევაში მაჩვენებელი 98-100% უნდა იყოს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია – ზოგისთვის 95-96% უკვე დაბალი სატურაციაა, თუმცა სტანდარტულად ჯანსაღ დიაპაზონად ითვლება. რეალურად ექიმები სატურაციის მაჩვენებელს პაციენტის საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად განიხილავენ. თუ პაციენტს ქრონიკულად აწუხებს დაბალი სატურაციის მახასიათებელი სიმპტომები, ან მაჩვენებელი არასტაბილურია (მაგალითად, სწრაფად ვარდება 100-დან 95-ზე), შესაძლოა ექიმმა მაინც დანიშნოს მოკლე ვადით ოქსიგენოთერაპია.
არ არსებობს ერთი უნივერსალური სამიზნე მაჩვენებელი ყველა პაციენტისთვის. ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისთვის შესაძლოა ოპტიმალური იყოს მაჩვენებელი, რომელიც ჯანსაღი ზრდასრულისთვის დაბალ სატურაციად ჩაითვლებოდა. მაგალითად, COPD (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება) და ნახშირორჟანგის დაგროვების რისკის მქონე პაციენტში ჟანგბადის თერაპიის დანიშვნისას ექიმების სამიზნე სატურაციის დიაპაზონი როგორც წესი 88%–92%-ია.
რა იწვევს დაბალ სატურაციას?
დაბალი სატურაცია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, მიუხედავად იმისა რომ მასზე ხშირად ხმამაღლა არ ვსაუბრობთ. მიზეზი შეიძლება იყოს პნევმონია, COPD-ის გამწვავება, მძიმე ასთმური შეტევა, ფილტვებში სითხის დაგროვება, ფილტვის სისხლძარღვში თრომბი ან სხვა მდგომარეობა, რომელიც სუნთქვას ან ფილტვებში აირების ცვლას არღვევს.
ზოგჯერ ჟანგბადის ნაკლებობა ვითარდება იმიტომ, რომ ორგანიზმი ფილტვებიდან სისხლში საკმარის ჟანგბადს ვეღარ უშვებს. სხვა შემთხვევაში პრობლემა შეიძლება სუნთქვის პროცესს, ფილტვების მუშაობას ან სისხლის მიმოქცევას უკავშირდებოდეს. მხოლოდ პულსოქსიმეტრის მაჩვენებლით მიზეზის დადგენა შეუძლებელია.
რა სიმპტომები ახასიათებს დაბალ სატურაციას?
ორგანიზმში ჟანგბადის ნაკლებობისას პაციენტების უმეტესობას აღენიშნება ქოშინი, გახშირებული სუნთქვა, სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი ან დაბნეულობა. უჭირთ ისეთი ფიზიკური აქტივობების შესრულება, რომელსაც ადრე მარტივად ართმევდნენ თავს, მალე იღლებიან.
განსაკუთრებით მძიმე შემთხვევები ფიზიკურადაც იჩენს თავს – თუ პაციენტის ტუჩები და თითები ულურჯდება. ამ მდგომარეობას ციანოზი ეწოდება, და, უმეტეს შემთხვევაში, ჟანგბადის მძიმე ნაკლებობის ინდიკატორია (სატურაცია 90%-ზე დაბლა). თუ გარე ფიზიკური გამღიზიანებლის ბრალი არაა (ზედმეტად მოტკეცილი ტანსაცმელი, ჰაერის დაბალი ტემპერატურა, მედიკამენტის გვერდითი ეფექტი და ა.შ.), როგორც წესი, სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემის ბრალია და სასწრაფო სამედიცინო ჩარევა სჭირდება.
მეორე მხრივ, არის შემთხვევებიც, როცა სიმპტომები არ ასახავს მდგომარეობის სიმძიმეს. ზოგი პაციენტის შემთხვევაში ჟანგბადის დაბალი დონე სისხლში ფიზიკური დისკომფორტით არ ვლინდება, სანამ კრიტიკულად დაბალ ნიშნულს არ მიაღწევს. ამიტომ რისკის მქონე პაციენტებში სატურაციის კონტროლი მნიშვნელოვანია.
როგორ იზომება სატურაცია?
სატურაციას ყველაზე ხშირად თითზე ჩამოსაცმელი პულსოქსიმეტრით ზომავენ. მოწყობილობა ზომავს SpO2-სა და პულსს.
თუმცა პულსოქსიმეტრის შედეგი მხოლოდ პირველადი მაჩვენებლია და არა დიაგნოზი. არაკლინიკურ პირობებში გაზომვისას კი შესაძლოა ზუსტი შედეგი ვერ აჩვენოს – მაჩვენებელი შესაძლოა შეიცვალოს ხელის ტემპერატურის, მოძრაობის, სუსტი სისხლის მიმოქცევისა და ფრჩხილის ლაქის გავლენითაც კი.
FDA ასევე მიუთითებს, რომ მოწყობილობის სიზუსტეზე კანის პიგმენტაციამაც შეიძლება იმოქმედოს. ამიტომ, თუ რამე მიზეზი მაინც გვაქვს ვიფიქროთ, რომ შედეგი საეჭვოა, აუცილებელია გადამოწმება და, შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონტროლი.
რა პრობლემებს იწვევს დაბალი სატურაცია?
თუ ორგანიზმი ჟანგბადის ნაკლებობას ხანგრძლივად განიცდის, ადამიანს სულ უფრო უჭირს ნორმალურად ფუნქციონირება. ორგანოები საჭირო რაოდენობის ჟანგბადს ვეღარ იღებს. მძიმე ჰიპოქსემიის დროს შეიძლება გაძლიერდეს დაბნეულობა, ძილიანობა, სისუსტე, გაძნელდეს სუნთქვა და ა.შ.
თუ ადამიანს მოულოდნელად განუვითარდა განსაკუთრებით ძლიერი ქოშინი, დაბნეულობა, ვეღარ ასრულებს საქმეებს, რომლებსაც ადრე მარტივად უმკლავდებოდა ან ქრონიკულად უჭირს სუნთქვა – ეს ნიშანია, რომ სულ მცირე ექიმის კონსულტაციაა საჭირო.
როდის ხდება საჭირო ჟანგბადის აპარატის გამოყენება?
ექიმი ჟანგბადის კონცენტრატორით თერაპიას ნიშნავს, თუ ამჩნევს, რომ პაციენტის სისხლში ჟანგბადის ნაკლებობამ ქრონიკული სახე მიიღო და ორგანიზმი პრობლემას თავად ვერ უმკლავდება. აპარატი ოთახის ჰაერს იღებს, წმენდს მას აზოტისგან და პაციენტს ჟანგბადით გამდიდრებული სახით აწვდის. ოქსიგენოთერაპიის მთავარი ამოცანა ჰიპოქსიისა და ჰიპოქსემიის მართვაა. კონცენტრატორით არ მკურნალობენ გამომწვევ დაავადებას. ექიმი მკურნალობის პროტოკოლს ცალკე ადგენს, ჟანგბადის თერაპია მხოლოდ კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტას ემსახურება.
თუ ექიმი პაციენტს უფლებას რთავს, ოქსიგენოთერაპია დამოუკიდებლად, სახლში ჩაიტაროს, კონცენტრატორის ქირაობა ხშირად პრაქტიკული ვარიანტია. ნებისმიერი კომპეტენტური პროვაიდერი, როგორიცაა „ორქა მედიქალი“ თავის თავზე იღებს აპარატის გამართული მოქმედების უზრუნველყოფას. პაციენტს არ სჭირდება მისი დამოუკიდებლად მოვლა, სტერილიზაცია ან შეკეთება. კომპანია მომხმარებელს გადასცემს შემოწმებულ და გასტერილებულ აპარატს, ახალ ნაზალურ კანულასა და საჭირო აქსესუარებს. ხოლო თუ აპარატს რაიმე პრობლემა გაუჩნდა, ცხელი ხაზი 24/7-ზე ხელმისაწვდომია.
ზოგჯერ ოქსიგენოთერაპია პაციენტს შესაძლოა ძალიან მცირე დროით დასჭირდეს. მაგალითად, მძიმე პნევმონიის დროს ფილტვის ინფექცია და ანთება აირების ცვლას ართულებს. ინფექციის ფონზე შესაძლოა სატურაციაც დაქვეითდეს. ჟანგბადის თერაპია ორგანიზმს ეხმარება მოძლიერდეს, სანამ ექიმის დანიშნული პრეპარატები უშუალოდ დაავადებას ებრძვის.
COPD-ის გამწვავებისას ექიმები იყენებენ ბრონქოდილატატორებს, ხშირად კორტიკოსტეროიდებს და საჭიროების შემთხვევაში ანტიბიოტიკებსაც. ჟანგბადის კონცენტრატორი უშუალოდ ფილტვის უკმარისობას არ მკურნალობს. მისი როლი დაბალი ჟანგბადის დონის კორექციაა. ჟანგბადის ნაკადს ექიმი განსაკუთრებით ფრთხილად არჩევს, ინდივიდუალური შემთხვევების მიხედვით. ზოგ პაციენტში კონკრეტული სამიზნე სატურაციის დაცვაა საჭირო, რადგან სტანდარტული ოპტიმალური დონე შესაძლოა ზედმეტად მაღალი აღმოჩნდეს.


























