ფილტვის აბსცესი ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც ფილტვის ქსოვილში ჩირქით სავსე ღრუ ყალიბდება. მკურნალობისას მთავარი მიზანი ინფექციის კონტროლი და დაზიანებული უბნის შეხორცებაა.
რადგან ფილტვის აბსცესი სასუნთქი ქსოვილის ლოკალური ჩირქოვანი ნეკროზია, მის პარალელურად ხშირად ჩნდება სასუნთქი სისტემის სხვა პრობლემებიც. მათ შორისაა ფუნქციური ფართობის შემცირება, პიჰოქსია, სასუნთქი კუნთების დაღლილობა, გულზე დამატებითი დატვირთვა და ა.შ. ამ თანმდევი პრობლემების საკორექციოდ ხშირად ინიშნება ჟანგბადის თერაპია.
ჟანგბადის თერაპია არ არის ფილტვის აბსცესის პირდაპირი მკურნალობა. ექიმი მას კონკრეტული მიზნით ნიშნავს: თუ დაავადების ფონზე სისხლში ჟანგბადის დონე ქვეითდება და ორგანიზმს ნორმალურად ფუნქციონირებისთვის დამატებითი ჟანგბადი სჭირდება.
როგორ ჩნდება და ვითარდება ფილტვის აბსცესი?
ფილტვის აბსცესი, როგორც წესი, ბაქტერიული ინფექციის შედეგია. დაავადება ყველაზე ხშირად მაშინ იწყება, როცა პირისა და ხახის სეკრეტი სასუნთქ გზებში, შემდეგ კი ფილტვში ხვდება. სეკრეტთან ერთად ფილტვში შეიძლება მოხვდეს ბაქტერიებიც, რომლებიც ინფექციას იწვევს.
შემდეგ ინფექცია პირის ღრუდან ან სასუნთქი ზედა გზებიდან ხვდება ფილტვებში და ქსოვილის ნაწილს აზიანებს. თავდაპირველად ამ უბანში ანთებითი პროცესი იწყება, შემდეგ ქსოვილის ნაწილი იშლება და წარმოიქმნება ღრუ, სადაც ჩირქი გროვდება. ზოგ შემთხვევაში ეს ღრუ ბრონქთან იხსნება და მისი შიგთავსი ნახველთან ერთად გამოიყოფა.
პირის ღრუს სეკრეტის სასუნთქ გზებში მოხვედრის რისკი იზრდება ყლაპვის დარღვევისა და ცნობიერების დაქვეითების დროს. რისკს ზრდის კბილების ცუდი მდგომარეობაც.
თუმცა, უფრო იშვიათად აბსცესი შეიძლება სხვა დაავადების თანმდევიც იყოს. მაგალითად, განვითარდეს მძიმე ანთების, ონკოლოგიური დაავადებების და დასუსტებული იმუნური სისტემის შემთხვევაშიც. უფრო იშვიათად ბრონქის დახშობისას, როცა ირღვევა ფილტვის ვენტილაცია და დრენირება და ინფიცირებული სეკრეტი ფილტვის შესაბამისი უბნიდან სათანადოდ ვეღარ გამოიყოფა. ზოგჯერ დაავადება ინფექციის სისხლის გზით გავრცელებასაც უკავშირდება.
როგორ ვიცნოთ ფილტვის აბსცესი? რა სიმპტომები ახასიათებს?
როცა აბსცესი ფილტვის ქსოვილში ყალიბდება, დაავადების საწყის ეტაპზე ხშირად პაციენტს უვითარდება ხველა, საერთო სისუსტე, მაღალი ტემპერატურა და მადის დაქვეითება. ინფექციის განვითარებასთან ერთად შეიძლება დაეწყოს ციება, ღამის ოფლიანობა და გულმკერდის არეში ტკივილი.
თუ ფილტვის ქსოვილი ისე დაზიანდა, რომ აირების ცვლაში სრულად ვეღარ მონაწილეობს, სისხლში ჟანგბადის დონე შემცირებას იწყებს, ვითარდება ქოშინი და სუნთქვის გაძნელება.
ნახველი ხშირად ჩირქოვანი ან უსიამოვნო სუნისაა. თუ ბრონქში იხსნება, შეიძლება იყოს სისხლიანიც. დაავადება პროგრესირებადია, სიმპტომები ერთდროულად არ ვლინდება და შეიძლება რამდენიმე კვირის განმავლობაში თანდათან განვითარდეს.
როგორ სვამენ ფილტვის აბსცესის დიაგნოზს?
დიაგნოსტიკისას ექიმი პირველ რიგში სიმპტომებსა და პაციენტის ჯანმრთელობის ისტორიას აფასებს. შემდეგ, როგორც წესი, ინიშნება გულმკერდის რენტგენი. თუ რენტგენის შედეგი ბუნდოვანია, ინიშნება კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც უფრო ზუსტად აჩვენებს ჩირქოვანი ღრუს ზომას, მდებარეობასა და ფილტვის საერთოდ მდგომარეობას.
ექიმმა შეიძლება დანიშნოს სისხლისა და ნახველის კვლევებიც. ზოგ შემთხვევაში საჭიროა ბრონქოსკოპია, მაგალითად, თუ არსებობს სასუნთქი გზის დახშობის ან უჩვეულო ინფექციის ეჭვი.
თუ დაავადება იქამდეა მისული, რომ პაციენტს სუნთქვის გაძნელება აღენიშნება, ექიმი პულსოქსიმეტრით ამოწმებს სისხლის ჟანგბადით გაჯერების დონეს. საჭიროების შემთხვევაში ატარებს სისხლის გაზების ანალიზსაც, რათა შეაფასოს სჭირდება თუ არა პაციენტს დამატებითი ჟანგბადი.
როგორ მკურნალობენ ფილტვის აბსცესს?
ფილტვის აბსცესის ძირითადი მკურნალობა ანტიბიოტიკებია, რომელიც ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს პირდაპირ ებრძვის. პრეპარატის ტიპს, მიღების ფორმასა და მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი დაავადების სიმძიმისა და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით არჩევს.
თუ ანტიბიოტიკებით მკურნალობის მიუხედავად მდგომარეობა არ უმჯობესდება, ექიმი დამატებით კვლევებს ნიშნავს. მნიშვნელოვანია გაირკვეს, ხომ არ არის სასუნთქი გზები დახშული, ხომ არ იწვევს ინფექციას უჩვეულო გამომწვევი ან ხომ არ არის გართულებული ჩირქოვანი ღრუს დაცლა. მსგავს შემთხვევებში ექიმები დრენირებას მიმართავენ და ჩირქი ღრუდან გარეთ სპეციალური კათეტერით გამოაქვთ.
ოპერაცია საჭირო შედარებით იშვიათადაა და, როგორც წესი, მხოლოდ განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში ნიშნავენ, მაგალითად მაშინ, როცა სხვა მეთოდებით ინფექციის კონტროლი ვერ ხერხდება ან ფილტვის ქსოვილი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული.
რატომ იყენებენ ფილტვის აბსცესის მკურნალობის დროს ჟანგბადის აპარატს?
როგორც ზევით აღვნიშნეთ, ოქსიგენოთერაპია ფილტვის აბსცესის მკურნალობაში პირდაპირ როლს არ თამაშობს. მისი დანიშნულება აბსცესით გამოწვეული კონკრეტული მდგომარეობის შემსუბუქებაა.
ჟანგბადის თერაპია საჭირო ხდება, როცა ფილტვის დაზიანების ფონზე ორგანიზმი სისხლში ჟანგბადის საკმარის დონეს დამოუკიდებლად ვეღარ ინარჩუნებს. ექიმი აფასებს სატურაციას, სუნთქვის მდგომარეობას, დაავადების სიმძიმეს და, ზოგ შემთხვევაში, სისხლის გაზების ანალიზის შედეგებსაც.
თუ ანალიზებმა აჩვენა, რომ სისხლში მისი ჟანგბადის დონე ნორმაზე დაბალია, დიდი რისკია განვითარდეს ჰიპოქსია (ქსოვილებისა და ორგანოების ჟანგბადის შიმშილი), გასცემს რეკომენდაციას ჟანგბადის კონცენტრატორის საჭიროებაზე.
უმნიშვნელოვანესია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს უშუალოდ აბსცესის მკურნალობა და ჟანგბადის თერაპია. კონცენტრატორი ბაქტერიებს არ ებრძვის, ჩირქოვან ღრუს არ ცლის და დაზიანებულ ფილტვის ქსოვილს არ აადგენს. ოქსიგენოთერაპია არ ცვლის ანტიბიოტიკების, დრენირებისა თუ სხვა სამედიცინო ჩარევის საჭიროებას.
მისი მთავარი ფუნქცია სისხლში ჟანგბადის დონის სტაბილურ ნიშნულზე შენარჩუნებაში დახმარებაა, სანამ ექიმები დაავადების ძირითად მიზეზს შესაბამისი პროტოკოლით მკურნალობენ. ჟანგბადის აპარატის გამოყენების ხანგრძლივობასა და ოპტიმალურ პარამეტრებს ექიმი პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე განსაზღვრავს. კონცენტრატორი ოთახის ჰაერს იღებს, მისგან აზოტის დიდ ნაწილს გამოყოფს და პაციენტს ჟანგბადით გამდიდრებულ ჰაერს აწვდის.
როგორც წესი, ფილტვის აბსცესისას ოქსიგენოთერაპია მხოლოდ დროებითაა საჭირო. მკურნალობის დასრულების შემდეგ პაციენტს შესაძლოა გარკვეული დროით დასჭირდეს დამატებითი ჟანგბადი, სანამ ფილტვის ქსოვილი არ აღდგება, მაგრამ გამონაკლისი მძიმე შემთხვევების გარდა, ეს დროებითი მდგომარეობაა. მსგავს შემთხვევებში, რეკომენდებულია კონცენტრატორის ქირაობა სანდო პროვაიდერისგან, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს სასუნთქი აპარატის გამართულად მუშაობაზე.
„ორქა მედიქალი“ დღეს საქართველოში სასუნთქი ტექნიკის მიმწოდებელი მოწინავე კომპანიაა. კონცენტრატორის ქირაობისას მომხმარებელი იღებს შემოწმებულ და გასტერილებულ აპარატს, ახალ ნაზალურ კანულას, საჭირო აქსესუარებსა და მუდმივ ტექნიკურ მხარდაჭერას. კატალოგში წარმოდგენილია რამდენიმე სახის მოდელი, რომელთა შორის კონკრეტული ექიმის მიერ განსაზღვრული ჟანგბადის რეჟიმის მიხედვით უნდა შეირჩეს. აღსანიშნავია რომ “ორქა მედიქალი” სასუნთქი აპარატების გარდა, ასევე გთავაზობთ სიპაპის აპარატს.


























