გულის უკმარისობა – გულის უკმარისობა გაიდლაინი
გულის უკმარისობა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც გულის შეგუბებითი უკმარისობა, არის ქრონიკული მდგომარეობა, როდესაც გული ვერ ახერხებს სისხლის ეფექტურად გადატუმბვას სხეულის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. დროთა განმავლობაში, ტუმბოს უნარის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანოების დაზიანება და ფილტვებში სითხის დაგროვება. პირველადი მკურნალობა მოიცავს ცხოვრების სტილის ცვლილებებს, როგორიცაა ვარჯიში და დანიშნული მედიკამენტების მიღება. მძიმე შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ოპერაცია გულის ფუნქციის გასაუმჯობესებლად. გულის უკმარისობის მქონე ინდივიდების პროგნოზი განსხვავებულია და მასზე გავლენას ახდენს მთელი რიგი ფაქტორები, მათ შორის პიროვნების ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი დაავადების სიმძიმე და საკუთარ თავზე ზრუნვის უნარი.
რამდენად გავრცელებულია გულის უკმარისობა?
ყოველწლიურად დაახლოებით 0,26%-0,8%-ს დაუსვამენ გულის უკმარისობის დიაგნოზს, საქართველოს დაახლოებით 7000 მოქალაქეს. (საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით)
გულის უკმარისობა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც გულის შეგუბებითი უკმარისობა, 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს შორის ჰოსპიტალიზაციის უმთავრესი მიზეზია.
გულის უკმარისობის ტიპები
გულის უკმარისობის მრავალი მიზეზი არსებობს, მაგრამ მდგომარეობა ზოგადად იყოფა შემდეგ ტიპებად:
გულის მარცხენამხრივი უკმარისობა.
გულის უკმარისობა მარცხენა პარკუჭის შემცირებული ფუნქციით (HF-rEF)
მარცხენა პარკუჭი, რომელიც მდებარეობს გულის ქვედა მარცხენა ნაწილში, ფართოვდება და კარგავს ორგანიზმის ჟანგბადით მდიდარი სისხლით ადეკვატური მომარაგებისთვის საკმარისად ძლიერად შეკუმშვის უნარს.
გულის მარჯვენამხრივი უკმარისობა
მართალია გულის მარცხენამხრივი უკმარისობა უხშირესი შემთხვევაა, თუმცა არსებობს გულის მარჯვენამხრივი უკმარისობაც. მიზეზებია მარცხენამხრივი უკმარისობა, ფილტვის და სხვა ორგანოების დაავადებები.
გულის შეგუბებითი უკმარისობა
ეს მდგომარეობა დგება მაშინ, როდესაც თქვენი გული სისხლის მოცულობას ვერ უმკლავდება. ეს იწვევს შეგუბებას სხეულის სხვა ნაწილებშიც, უხშირესაც ფილტვებში და ქვედა კიდურებში (ფეხებში/ტერფებში).
გულის უკმარისობის გართულებები
გულის უკმარისობის ზოგიერთი გართულება მოიცავს:
- არარეგულარულ გულისცემას
- გულის უეცარ გაჩერებას
- გულის სარქვლის პრობლემებს
- სითხის დაგროვებას თქვენს ფილტვებში.
- ფილტვის ჰიპერტენზიას
- თირკმლის დაზიანებას
- ღვიძლის დაზიანებას
- მალნუტრიციას
გულის უკმარისობის სტადიები
A სტადია
A სტადიაში ადამიანი კლასიფიცირდება გულის უკმარისობის მაღალი რისკის მქონეს, პრე-გულის უკმარისობა. ეს სტატუსი ენიჭება მათ, ვისაც ოჯახურ ან პირად ანამნეზში აქვთ ერთი ან მეტი შემდეგი სამედიცინო მდგომარეობა: ჰიპერტენზია, დიაბეტი, კორონარული არტერიის დაავადება, მეტაბოლური სინდრომი, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების ისტორია, რევმატიული ცხელება, კარდიომიოპათიის ოჯახური ისტორია ან გულის დამაზიანებელი მედიკამენტების გამოყენების ისტორია, როგორიცაა კიბოს გარკვეული მედიკამენტები
B სტადია
B სტადია, გულის უკმარისობის წინა მდგომარეობაა, როდესაც სამედიცინო პროვაიდერი უკვე სვამს პარკუჭის სისტოლური დისფუნქციის დიაგნოზს, მაგრამ პაციენტს ჯერ არ აქვს სიმპტომები გამოხატული. დიაგნოზის დასმის გავრცელებული ინსტრუმენტია გულის ექოსკოპია, რომელიც განდევნის ფრაქციის (EF) 40%-მდე ან მეტად დაქვეითებას უჩვენებს. ეს ეტაპი მოიცავს გულის უკმარისობის და ნებისმიერი ფაქტორით გამოწვეული შემცირებული EF (HF-rEF)-ს მქონე პირებს.
C სტადია
გულის უკმარისობის C სტადიის მქონე პირებს აქვთ გულის უკმარისობის დიაგნოზი და ან მიმდინარედ, ან წარსულში ჰქონიათ შესაბამისი მდგომარეობის ნიშნები და სიმპტომები.
გულის უკმარისობას მრავალი სიმპტომი ახასიათებს. ყველაზე გავრცელებულებია:
- ქოშინი
- დაღლილობა
- ვარჯიშის უნარის დაქვეითება
- ფეხების სისუსტე
- მოსაშარდად გაღვიძება
- შეშუპებული ტერფები, მუხლები და მუცელი (ედემა)
D სტადია და შემცირებული EF
HF-rEF -ის D სტადიის მქონე პირებს, მკურნალობის მიუხედავად აქვთ მუდმივი სიმპტომები. ეს გულის უკმარისობის ფინალური სტადიაა.
გულის უკმარისობის სიმპტომები
გულის უკმარისობის სიმპტომებია:
- ქოშინი
- დაღლილობა და ფეხების სისუსტე ფიზიკური აქტივობისას
- ფეხების და მუცლის შეშუპება
- წონის მატება
- ღამით გამოღვიძება მოსაშარდად
- სწრაფი და არარეგულარული გულისცემა (ციმციმი)
- მშრალი ხველა
- სავსე (შეშუპებული) და მკვრივი მუცელი, მადის დაქვეითება, გულისრევა
ზოგჯერ სიმპტომები შესაძლოა ძალიან სუსტად, ან საერთოდ არ იყოს გამოხატული. ეს არ ნიშნავს, რომ გულის უკმარისობა აღარ გაქვთ.
სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში, გულის უკმარისობა მძიმდება. აუცილებელია ექიმს აცნობოთ თუკი ახალი სიმპტომები გაქვთ, ან არსებული სიმპტომები დამძიმდა.
გულის უკმარისობის (გულის შეგუბებითი უკმარისობის) მიზეზები
გულის უკმარისობის განვითარების რისკი ასაკთან ერთად იზრდება. გულის უკმარისობა ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს რამდენიმე სამედიცინო მდგომარეობით, რომელიც გავლენას ახდენს გულის კუნთზე. საერთო პირობები მოიცავს:
- კორონარული დაავადება
- ინფარქტი
- კარდიომიოპათია
- გულის თანდაყოლილი დაავადებები (დაბადებისას არსებული)
- დიაბეტი
- სისხლის მაღალი წნევა (ჰიპერტენზია)
- არითმია (გულის არანორმალური რითმი, მათ შორის, ფიბრილაციები)
- თირკმლის დაავადებები
- ჭარბი წონა
- თამბაქო და წამლის მოხმარება
- მედიკამენტები, ზოგიერთი სიმსივნის საწინააღმდეგო (ქიმიოთერაპიის) პრეპარატი იწვევს გულის უკმარისობას
გულის უკმარისობის დიაგნოსტიკა
იმისათვის, რომ დადგინდეს, გაქვთ თუ არა გულის უკმარისობა, თქვენმა ჯანდაცვის პროვაიდერმა უნდა იცოდეს თქვენი სიმპტომებისა და სამედიცინო ისტორიის შესახებ. ისინი გკითხავენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
- გაქვთ ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობა, როგორიცაა დიაბეტი, თირკმლის დაავადება, გულმკერდის ტკივილი (სტენოკარდია), მაღალი წნევა, მაღალი ქოლესტერინი, კორონარული არტერიის დაავადება ან გულის სხვა პრობლემები.
- თუ გაქვთ გულის დაავადების ან უეცარი სიკვდილის ოჯახური ისტორია.
- თუ ეწევით ან მოიხმართ თამბაქოს.
- რამდენ ალკოჰოლს სვამთ.
- თუ გაგიკეთებიათ ქიმიოთერაპია და/ან დასხივება.
- მედიკამენტები, რომლებსაც იღებთ.
ასევე ექიმი გაგსინჯავთ, რათა აღმოაჩინოს გულის შეგუბებითი უკმარისობის ნიშნები და სხვა დაავადებები, რომლებიც შეიძლება გულის კუნთზე მოქმედებდნენ.
განდევნის ფრაქციის მნიშვნელობა
განდევნის ფრაქცია (EF) ზომავს მდგომარეობის სიმძიმეს. თუკი ის ნორმაზე დაბალია, ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა გულის უკმარისობა გქონდეთ. განდევნის ფრაქცია მიუთითებს, თუ რამდენად კარგად ასრულებს თქვენი გულის მარჯვენა ან მარცხენა პარკუჭი სისხლის ტუმბოს ფუნქციას. განდევნის ფრაქციის განსაზღვრა რამდენიმე არაინვაზიურ კვლევას შეუძლია. ამ ინფორმაციით, ჯანდაცვის პროვაიდერს შეუძლია შეგირჩიოთ მკურნალობის მეთოდი.
ჯანსაღი მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია (LVEF) 53%-დან 70%-მდე მერყეობს. მაგალითად 65% LVEF ნიშნავს, რომ მარცხენა პარკუჭში არსებული სისხლის 65% განიდევნება გულის თითოეული შეკუმშვის დროს. EF შეიძლება იცვლებოდეს გულის მდგომარეობიდან და მკურნალობის ეფექტურობიდან გამომდინარე.
გულის უკმარისობის სადიაგნოსტიკო კვლევების სახეობები.
გავრცელებული ტესტები, რომლებიც დაადგენენ თქვენი გულის უკმარისობის სიმძიმეს და გამომწვევ მიზეზს:
- სისხლის ანალიზები
- B ტიპის ნატრიურეზული პეპტიდი NT-pro (BNP) კვლევა სისხლში
- გულის კათეტერიზაცია
- გულმკერდის რენტგენოგრაფია
- ექოკარდიოგრაფია (ექო)
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI)
- ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ)
- MUGA სკანირება
- სტრეს-ტესტი
გულის უკმარისობის მკურნალობა
თქვენი მკურნალობა დამოკიდებული იქნება გულის უკმარისობის ტიპზე და, ნაწილობრივ გამომწვევ მიზეზზეც. მედიკამენტები და ცხოვრების წესი, მკურნალობის ყველა გეგმის ნაწილია. თქვენი ჯანდაცვის პროვაიდერი შეგირჩევთ თქვენთვის საუკეთესო მკურნალობის გეგმას. მკურნალობა იგივეა, სქესის მიუხედავად.
როდესაც გულის უკმარისობა უარესდება, თქვენი გულის კუნთი ნაკლებ სისხლს აწვდის თქვენს ორგანოებს და თქვენ გადადიხართ გულის უკმარისობის შემდეგი ეტაპისკენ. მკურნალობის მიზანია თავიდან აიცილოთ წინსვლა ეტაპებზე ან შეანელოთ თქვენი გულის უკმარისობის პროგრესირება.
A სტადიის მკურნალობა
A სტადიის გულის უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობის სტანდარტული რეჟიმი:
- რეგულარული ვარჯიში, ფიზიკური აქტივობა, ფეხით სეირნობა
- თამბაქოს პროდუქტების მოხმარების შეწყვეტა
- მაღალი წნევის მკურნალობა (მედიკამენტები, უმარილო დიეტა, აქტიური ცხოვრების წესი)
- მაღალი ქოლესტერინის მკურნალობა
- ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარებაზე უარის თქმა
- ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები ან ანგიოტენზინი II-ის რეცეპტორის ბლოკატორები (ARB), თუკი კორონარული დაავადება, დიაბეტი, სისხლის მაღალი წნევა ან სხვა კარდიოვასკულური დაავადება გაწუხებთ
- ბეტა-ბლოკერების მაღალი წნევის შემთხვევაში
B სტადიის მკურნალობა
B სტადიის გულის უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობა მოიცავს:
- A სტადიის მკურნალობა
- ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები ან ანგიოტენზინი II-ის რეცეპტორის ბლოკატორები (ARB), თუკი მათ უკვე არ იღებთ
- ბეტა-ბლოკერები, თუ გულის შეტევა გქონდათ და თქვენი EF 40% ან უფრო დაბალია (თუკი მათ უკვე არ ღებულობთ)
- ალდოსტერონის ანტაგონისტი, თუკი გულის შეტევა გქონდათ, ან დიაბეტით ხართ ავად და თქვენი EF 35% ან უფრო ნაკლებია
- შესაძლო ქირურგიული ჩარევა ან მკურნალობა კორონარული არტერიის ბლოკირების, გულის შეტევის, სარქვლის დაავადების (სარქვლის შეკეთება ან ჩანაცვლება) ან გულის თანდაყოლილი დაავადების სამკურნალოდ.
C სტადიის მკურნალობა
HF-rEF სტადია C-ს მქონე ადამიანების მკურნალობა მოიცავს:
- A და B სტადიების მკურნალობას
- ბეტა-ბლოკერებს
- ალდოსტერონის ანტაგონისტით მკურნალობა, თუ ვაზოდილატატორები (აგფ ინჰიბიტორები, ARB ანტაგონისტები ან ანგიოტენზინის რეცეპტირების ინჰიბიტორების კომბინაცია) და ბეტა-ბლოკერები სიმპტომებს არ გიხსნიან
- ჰიდრალაზინ/ნიტრატის კომბინაცია, თუკი სხვა მკურნალობა სიმპტომებს არ გიხსნით. შავკანიანმა პაციენტებმა ეს მედიკამენტი უნდა მიიღონ მძიმე სიმპტომების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, ღებულობენ თუ არა ვაზოდილატატორებს
- მედიკამენტები, რომლების გულისცემას ამცირებენ, თუ მისი სიხშირე წუთში 70-ს აღემატება და სიმპტომები გაქვთ
- დიურეტიკები
- ნატრიუმის (მარილის) შეზღუდვა კვების რაციონში
- წონის ყოველდღიური კონტროლი. ექიმს უთხარით, თუ ოთხ ფუნტზე მეტს მოიმატებთ ან დაიკლებთ
- შესაძლოა სითხის შეზღუდვა
- შესაძლოა გულის რესინქრონიზატორით მკურნალობა (ბივენტრიკული პეისმეიკერი)
- შესაძლოა გულის დეფიბრილატორის იმპლანტაცია
სიმპტომების გაუმჯობესების ან შეწყვეტის შემთხვევაშიც საჭიროა მკურნალობის გაგრძელება, D ეტაპის დადგომის შესანელებლად.
D სტადიის მკურნალობა
ჩვეულებრივი მკურნალობის გეგმა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ D სტადიის გულის უკმარისობა, მოიცავს A, B და C სტადიებში ჩამოთვლილ მკურნალობას. გარდა ამისა, იგი მოიცავს უფრო მოწინავე მკურნალობის ვარიანტების შეფასებას, მათ შორის:
- გულის გადანერგვა.
- პარკუჭის დამხმარე მოწყობილობები.
- გულის ოპერაცია.
- ინტრავენური ინოტროპული პრეპარატების უწყვეტი ინფუზია.
- პალიატიური ან ჰოსპისის მოვლა.
- კვლევითი თერაპია.
C და D სტადიები შენარჩუნებული EF-ით
C და D სტადიის გულის უკმარისობის მქონე ადამიანების მკურნალობა და EF-ის (HF-pEF) შენარჩუნება მოიცავს:
- A და B სტადიებში ჩამოთვლილ მკურნალობას, თუმცა ზოგიერთი შეიძლება არ იყოს საჭირო.
- ჯანმრთელობის იმ მდგომარეობების მკურნალობა, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ გულის უკმარისობა ან გააუარესონ მდგომარეობა, მაგალითად: წინაგულების ფიბრილაცია, მაღალი წნევა, დიაბეტი, სიმსუქნე, კორონარული არტერიის დაავადება, ფილტვების ქრონიკული დაავადება, მაღალი ქოლესტერინი და თირკმლის დაავადება.
- შარდმდენი სიმპტომების შესამცირებლად ან შესამსუბუქებლად.
თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მართვა, როგორებიცაა:
- დიაბეტი.
- თირკმელების დაავადება.
- ანემია.
- სისხლის მაღალი წნევა.
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადება.
- ასთმა.
- ფილტვების ქრონიკული დაავადება.
ზოგიერთ მდგომარეობას აქვს გულის უკმარისობის მსგავსი ნიშნები და სიმპტომები. თუ თქვენ გაქვთ ახალი ან გაუარესებული არა გადაუდებელი სიმპტომები, აცნობეთ თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერს.
ჟანგბადით მკურნალობა გულის უკმარისობის დროს
ჟანგბადით მკურნალობა დამატებითი ჟანგბადით გამარაგებთ და უზრუნველყოფს ჟანგბადის ადეკვატურ მოწოდებას თქვენი ორგანიზმისთვის. ის შეიძლება ჩატარდეს სახლში და მართალია გულის უკმარისობას ვერ განკურნავს, მაგრამ შეუძლია ჟანგბადის დაბალი დონით გამოწვეული გართულებების პრევენცია, როგორებიცაა: გულისა და ტვინის დაზიანება, ქოშინი და ფეხების შეშუპება. როგორც წესი, ექიმი ჟანგბადს ზედმიწევნით დაბალი ჟანგბადის დონის დროს ნიშნავს.
მთავარია, რომ გქონდეთ ჟანგბადი და ის მოგეწოდებოდეთ:
- ან ნიღბით, რომელიც თქვენს ცხვირსა და პირზეა მორგებული
- ან ნაზალური კანულით
- ან ჟანგბადის კონცენტრატორით
ჟანგბადის კონცენტრატორი შეიძლება იყოს უკეთესი არჩევანი, რადგან ავზის მუდმივი შევსება შეიძლება იყოს ძვირი და პრობლემური. ეს მანქანა ჟანგბადს პირდაპირ ჰაერიდან იზიდავს, ასე რომ თქვენ არ დაგჭირდებათ რეზერვუარზე ან ჟანგბადის მარაგის შევსებაზე ფიქრი. ის საჭიროებს ელექტროენერგიას, ასე რომ, თქვენ დაგჭირდებათ სარეზერვო გეგმა იმ შემთხვევაში, თუ თქვენს სახლში ელექტროენერგია გაითიშება ან აპარატს რამე ხარვეზი ექნება.
დღესვე დაგვიკავშირდით და გაიგეთ, რა მომსახურებებს გთავაზობთ და რით შეგვიძლია თქვენი დახმარება.
გულის უკმარისობის გავლენა ცხოვრების ხარისხსა და წესზე
შესაბამისი ზრუნვის შემთხვევაში, გულის უკმარისობის მქონე ზრდასრულთა უმრავლესობას შეუძლია სავსე ცხოვრების გაგრძელება, თუ მკურნალობის გეგმა სწორადაა შერჩეული, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი აქტივობის შეზღუდვა უწევთ. ის, თუ რამდენად კარგად ხართ, დამოკიდებულია:
- რამდენად კარგად მუშაობს თქვენი გულის კუნთი
- თქვენს სიმპტომებზე
- რამდენად კარგად რეაგირებთ მკურნალობაზე
- რამდენად იცავთ მკურნალობის სქემას
ეს მოიცავს:
- მედიკამენტების მიღებას
- ფიზიკურ აქტივობას
- დიეტას მარილის დაბალი შემცველობით
- ახალი და დამძიმებული სიმპტომებისთვის თვალყურის დევნებას
- რეგულარულ ვიზიტებს ექიმთან
ვინაიდან გულის უკმარისობა ქრონიკული, გახანგრძლივებული დაავადებაა, განიხილეთ თქვენი პრიორიტეტები ექიმთან და თქვენს ოჯახთან. თქვენ შეგიძლიათ შეადგინოთ განკარგულება, ან ანდერძი, რათა ყველამ, ვინც თქვენზე ზრუნავს, იცოდეს რა გსურთ. შეგიძლიათ გაწეროთ, რა სახის მკურნალობის ჩატარება გურთ, ან არ გსურთ, სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. კარგი იქნება, თუ ამაზე წინასწარ იზრუნებთ, იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული იქნებით.